მთელი სახელმწიფო მანქანაა მომართულია ივანიშვილის ბაობაბებზე, მოსახლეობის პრობლემებზე კი საერთოდ არ ფიქრობენ - ჯაფარიძე
„მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია ბიძინა ივანიშვილის ბაობაბებზე, საქართველოს მოსახლეობის პრობლემებზე კი საერთოდ არ ფიქრობენ“ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მილიარდერის სურვილებია და არა უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების კეთილდღეობა.
„როდესაც ვხედავდით, როგორ ასეირნებდნენ ბიძინა ივანიშვილის კენიიდან მითვისებულ ბაობაბის ხეებს და მთელი სახელმწიფო მანქანა როგორ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის ახირებაზე, რადგან ხეები ესეირნებინა, ამას უთმობენ ყურადღებას და აქ ხედავთ რა მდგომარეობაში ცხოვრობს აქაური ხალხი. ეს არის შეუძლებელი, ამას ფიზიკურად აღარ დავუშვებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ ამ ადამიანების პრობლემა რაც შეიძლება მყისიერად მოაგვაროს „რუსულმა ოცნებამ.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ
გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც. ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.