ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან - პრეზიდენტი

30.10.23 15:45
ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან - პრეზიდენტი

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიტიკულად აფასებს CBS-სთან ინტერვიუში. მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრა იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვით ახსნა, პრეზიდენტი შიშობს, რომ პუტინს მსგავსი კამპანიის განხორციელება საქართველოშიც შეუძლია.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეების მიმართ მკაცრი მიდგომების მომხრეა, თუმცა ამბობს, რომ მას, როგორც პრეზიდენტს არ აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილება მიიღოს და ეს მთავრობის პრეროგატივაა.

კითხვა: უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველო 100 ათასი რუსის სახლი გახდა.

პრეზიდენტი: ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან.

კითხვა: რუსებს სჯერათ რომ სახლში არიან?

პრეზიდენტი: ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ.

კითხვა: მაშ რატომ არ ამბობს საქართველო: არა რუსებს საქართველოს საზღვრებში!

პრეზიდენტი: ეს ხელისუფლების საკითხია.

კითხვა: არ ხართ თქვენ ხელისუფლება?

პრეზიდენტი: მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები... სამწუხაროდ.