ახალი მოთხოვნები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის - რას გულისხმობს სტანდარტები, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან შევა ძალაში
ახალი მოთხოვნები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის - სტანდარტები 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შევა ძალაში და ის დაწესებულება, რომელიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მუშაობას ვერ გააგრძელებს.
მთავრობის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე - ოპერირების წესები.
"ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.
სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ", - ნათქვამია მათავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს, შესაბამისად უცნობია, რა რეაქცია ექნებათ მათ სიახლეზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გაახმოვანა.
რაც შეეხება ახალ სტომატოლოგიური კლინიკებს, მინისტრი აზარაშვილი ამბობს, რომ დაწესებულების ხელმძღვანელებმა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ, რის შემდეგაც რეგულირების სააგენტო, ადგილზე მივა და შეამოწმებს რამდენად აკმაყოფილებს კლინიკა სტანდარტებს.
შეამოწმებს ამ კრიტერიუმების მიხედვით, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მოწყობილი, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები, ასევე სხვადასხვა სკრინინგებთან და აცრებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. კლინიკებს ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება მოუწევთ, რადგან იქ მისული პაციენტი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და სრულყოფილად შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არსებულ კლინიკებს, ამ ორი თვის განმავლობაში, ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა. დღეს 2000-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სანებართვო პირობები. ასევე, სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ან მინიმალურია ან საერთოდ არ არის. გონივრულ ვადებში ვინც ვერ შეძლებს ელემენტარული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ვფიქრობ, ასეთმა ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.