კბენა გინებამ ჩაანაცვლა - პოლიციელი: "ნიკა მელიამ შეგვაგინა დედის მიმართულებით"
კბენა გინებამ ჩაანაცვლა - პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეზე დღეს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების თანამშრომლებმა, მოქმედმა პოლიციელებმა ჩვენებები მისცეს.
რამდენიმე წუთის წინ, საქმის ოქროს მოწმემ, პოლიციის უფროსმა გადათქვა ვერსია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უკბინა. არადა, მინდია ქავთარაძე პირდაპირ ეთერში ამტკიცებდა, რომ დაკბენილი იყო.
გლდანის პოლიციის მაღალჩინოსანი დღეს ამბობს, რომ კბენას ადგილი არ ჰქონია და ენმ-ს ლიდერმა მას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გაიხა მაისური, რომელიც პოლიციელს გლდანში განვითარებული მოვლენებისას ეცვა.
რაც შეეხება დანარჩენ 5 პოლიციელს, ისინი დღეს მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ პოლიტიკოსები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, იგინებოდნენ და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.
მეტიც, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა თქვა, ისიც რომ ნიკა მელიამ "დედის მისამართით შეიგინა". მელიასთან ერთად პოლიციელებზე თავდასხმაში ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას ადანაშაულებენ.
დაახლოებით 7 საათზე შეტყობინება შემოვიდა ჩხუბთან დაკავშირებით. ადგილზე დაგვხვდა სურათი, რომ მოქალაქეები ნაცემები იყვნენ. ავტოფარეხთან ხალხი იყო შეკრებილი და იყო ხმაური.
დროთა განმავლობაში იკრიბებოდნენ პოლიტიკოსები. უახლოვდებოდნენ, პოლიციიე ლენტს, იქიდან ისმოდა რეპლიკები - "არაფრის გამკეთებლები არ ხართ" და ა.შ. ჩემთან იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, რამდენჯერმე მოვუწოდეთ რომ გაჩერებულიყვნენ, რის შემდეგაც ნიკანორ მელიამ დაიძახა - როგორ არ იცნობთ შუკაკიძესო (ე.წ. კანონიერი ქურდი) და ამის შემდეგ ჩვენი, პოლიციელების მისამართით შეიგინა. ჩვენ ისევ მოუწოდებდით, რომ გაჩერებულიყვნენ, საბოლოოდ კი მოვახდინეთ აღნიშნული პიროვნების დაკავება... (მელია) იგინებოდა, ყვიროდა"- აცხადებს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსის მოადგილე, დიმიტრი ტუხაშვილი.
ტუხაშვილის მსგავსად პოლიტიკოსები გინებაში დაადანაშაულა გლდანი-ნაძალადევის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯაბა ღურწკაიამაც:
იყვნენ აგრესიულები და ილანძღებოდნენ, რადგან მათი მეგობრები ნაცემები იყვნენ. შემთხვევის ადგილი შესაბამისი ლენტით იყო შემოსაზღვრული, უნდოდათ ლენტში შიგნით შემოსვლა. მათი გარიზიანება გამოწვია და ნიკა მალიამ დედის მიმართულებით შეგვაგინა"- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა თავს 22 სექტემბერს დაესხნენ. ეძგვერაძე თავდასხმის დამკვეთად საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატს, „ქართული ოცნების“ წევრს, კონსტანტინე ზარნაძეს ასახელებს.
სისხლიანი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში, გლდანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე მივიდნენ, რა დროსაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საბოლოოდ სამივე მათგანი პოლიციამ დააკავა.
შსს-მ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე კი საქმე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით აღიძრა.