ნატანებში ორივე სკოლა დანგრეულია, ადამიანები სოციალურად დაუცველები არიან, ეკო მანიაკი ოლიგარქი კი ხეებს დაატარებს - თათია ნიკოლაშვილი "ოცნებას"

30.10.23 18:21
ნატანებში ორივე სკოლა დანგრეულია, ადამიანები სოციალურად დაუცველები არიან, ეკო მანიაკი ოლიგარქი კი ხეებს დაატარებს - თათია ნიკოლაშვილი "ოცნებას"

"იცით, რომ გუშინ შვიდ სოფელში ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ინტერნეტი გაუთიშეს, ხეები გაჩეხა თქვენმა ეკო-მანიაკმა ოლიგარქმა“ - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილმა "ქართული ოცნების" ოზურგეთის დეპუტატებს.

"მაშინ როდესაც ამდენი პრობლემაა რეგიონში, მაშინ, როდესაც ორ თვეზე მეტი გავიდა სტიქიიდან და დაზარალებული ადამიანები დახმარების მოლოდინში არიან, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე გურიაში ცენტრალური გზებიც კი არ არსებობს და ამ დრომდე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არ ჩასულან გურიაში, სამაგიეროდ ყველამ ნახა გუშინდელი კადრები, როგორ იყვნენ მერიის თანამშრომლები ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ხეების ჭრით დაკავებული, რადგან გაადვილებულიყო  ივანიშვილისთვის ბაობაბის მიტანა პარაგრაფში"- თქვა დეპუტატმა. 

ნიკოლაშვილმა ოზურგეთში არსებული უმძიმესი სურათის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სირცხვილია, როცა ხელისუფლება "იდეალურ გარემოზე" საუბრობს, როცა ადგილობრივების ნახევარი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია: 

ნატანებში ორივე სკოლა არის დანგრეული და სანამ ჭერი არ დაეცათ თავზე ადამიანებს, იქამდე არ ჰქონდათ რეაგირება. ნატანების ბაღი - გამოკეტილია. ნახევარი ადამიანები სოციალურ დაუცველთა ბაზაშია და ამ დროს თქვენი ეკო მანიაკი ოლიგარქი ხეებს დაატარებს იქეთ და ყველანაირ რესურსს იყენებს, მათ შორის ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომ გზა გაუკაფონ. როგორ არ გრცხვენიათ, როდესაც საუბრობთ ასე იდეალურ გარემოზე და ამ დროს მართლა თქვენი ეკო-მანიაკი ოლიგარქი ასე რომ იყენებს სახელმწიფო რესურსს, დაატარებს ხეებს. იცით, რომ გუშინ შვიდ სოფელში ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ინტერნეტი გაუთიშეს, ხეები გაჩეხა თქვენმა ეკო მანიაკმა ოლიგარქმა და ადამიანებს ღამე დაატარებდა, რომ კაბელები ჩაეხსნა, შუქნიშნები მოთხარეს, აბრები ჩამოხსნეს და როცა ივანიშვილი სახელმწიფო რესურსს იყენებს მთლიანად, თქვენ არ გაქვთ არანაირი რეაქცია - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა
 

ხმაური იყო დღეს ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე. ჩხუბი ბაობაბების ტრანსპორტირების გამო დაოწყო. ოპოზიციამ "ოცნება" და სახელმწიფო უწყებები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ერთმანეთს დეპუტატებმა "უსირცხვილოები" ეძახეს. სხდომას ოზურგეთში ესწრება მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც. 

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სოფო ჯაფარიძე დარბაზში დაინახეს.