დისკრიმინაციული მოპყრობა შსს-ში - გოგა რაზმაძის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა

30.10.23 18:57
დისკრიმინაციული მოპყრობა შსს-ში - გოგა რაზმაძის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა

დისკრიმინაციული მოპყრობა შინაგან საქმეთა სამინისტროში - გოგა რაზმაძის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა.

როგორც რაზმაძე წერს, სახალხო დამცველს რამდენიმე თვის წინ შეხვედრაც სთხოვა, თუმცა მაშინ ლევან იოსელიანმა დრო ვერ გამონახა, თუმცა შეხვედრა საქმის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, თუმცა ამ დროს ომბუდსმენი მარტო არ იმყოფებოდა - რაზმაძეს შეხვედრაზე იოსელიანთან გარდა შს მინისტრის მოადგილე დახვდა. 

რაზმაძის შეფასებით, დასაბუთება, რითიც იოსელიანი საქმის შეწყვეტას ხსნის, სამარცხვინოა.

სახალხო დამცველმა ბატონმა ლევან იოსელიანმა შეწყვიტა ჩემი საქმის წარმოება, რომელშიც შსს-ს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს ვედავებოდი ჩემს მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. 

მთელი პროცესის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი მაშინდელი აღქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ საჯაროდ პრეტენზიები არ გამომეხატა და დავლოდებოდი საქმის შესწავლის შედეგებს. 

ივლისის თვეში, გენერალურ ინსპექციაში ჩემ მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სახალხო დამცველს შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ლევანი დამპირდა შეხვედრას, თუმცა ჩემთვის ვერ მოიცალა, რასაც მალევე ჩემი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაბარება მოჰყვა ( ვერ/არ დამიცვა) 

თუმცა, ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს)  სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს  განიხილავდა. 

აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ ,,ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს." ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს ,,მჭიდრო თანამშრომლობის" საუკეთესო მაგალითი. 

რაც შეეხება საქმის შეწყვეტის დასაბუთების ნაწილს, სახალხო დამცველის აპარატის არსებობის ისტორიაში დისკრიმინაციის შემთხვევაზე მსგავსი სამარცხვინო დასაბუთება არადროს დაწერილა. 

სახალხო დამცველს გადაწყვეტილებაში აღნიშნული აქვს, რომ განმცხადებელს მხოლოდ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება, რომელიც შექმნის ვარაუდს დისკრიმიანციის თაობაზე, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. თუმცა სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი ამ საქმეში მე - განმცხადებელს დამაკისრა. 

სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლისას არ დააკმაყოფილა არც ერთი ჩემი მოთხოვნა/შუამდგომლობა. კერძოდ, არ გამოკითხა არც ერთი პირი, რომელიც ჩემი მითითებით იყო დისკრიმინაციის მოწმე, არ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმისთვის და რომლის გამოთხოვის კანონისმიერი შესაძლებლობა მე არ მქონდა. 

გადაწყვეტილების "დასაბუთებისას" სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის,  ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორისა, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა. 

ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას ჩემს წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში. 

სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს. 

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მინდა მივმართო ამ უკანონო და უსამართლო პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს - დანებებას არ ვაპირებ," - წერს რაზმაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა უწყება რამდენიმე თვის წინ ამხილა - გოგა რაზმაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა. რაზმაძის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მან დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი „საქმეს ურჩევდა“ .