სისტემა ოლიგარქის სამსახურში - როგორ გამოიყენეს სახელმწიფო რესურსი ბოროტად ერთ ღამეში?
ოლიგარქის უსაზღვრო ძალაუფლების დემონსტრირება - გიგანტური ბაობაბები შეკვეთილში დაბინავებულია. მთელი სახელმწიფო რესურსი ივანიშვილის ახირების დაკმაყოფილებაზე მუშაობს. ჩააბნელეს ნახევარი გურია, მოხსნეს საგზაო ნიშნები და შუქნიშნები, გადაკეტეს გზები. ფოთი შეკვეთილის მაგისტრალი რამდენიმე საათით სრულად პარალიზებული იყო. ბაობაბებს დანიშნულების ადგილამდე პოლიციელთა მთელი ჯარი მიყვებოდა. მაგიურ ხეებს მიაცილებდა ადგილობრივი ხელისუფლებაც.
თუმცა, ეს დიდი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. გიგანტური ხეების სიყვარულით შეპყრობილი ოლიგარქის მოთხოვნები ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული. კიდევ უფრო რთული გზა კენიურ ბაობაბებს თბილისამდე ელოდებათ. ივანიშვილმა ხელისუფლებას დიდი თავისტკივილი გაუჩინა. აფრიკული ტიტანების ტრანსპორტირება 350 კილომეტრზე წარმოუდგენელი მისიაა, რადგან მაგისტრალზე არსებული გვირაბები ამ გაბარიტის ტვირთზე გათვალისწინებული არ არის. თუმცა მთავრობას სხვა არჩევანი არ გააჩნია. ოლიგარქი მარადიული ახალგაზრდობის ხეებს საკუთარ ეზოში ელოდება.
შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომ ბაობაბები სამი კვირა ღია ზღვაში იყო და ვერ ამბაჟებდნენ. გამოდის თუ არა, რომ საბაჟო სამსახურმა უკანონობაზე თვალი დახუჭა? - გუგა არჩვაძეა პირდაპირ ეთერში.