სიცრუეა, რომ ჩინეთში დავითაშვილსა და პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია შედგა - კალაძე

31.10.23 12:46
სიცრუეა, რომ ჩინეთში დავითაშვილსა და პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია შედგა - კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ჩინეთში გამართული ფორუმზე ლევან დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია არ შემდგარა.

კალაძე ამბობს, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა აუცილებელია და საქართველოს წარმომადგენელი აუცილებლად უნდა დასწრებოდა ფორუმს.

„სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი.

ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი უდგას სათავეში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესოა. შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაც აუცილებელია. რადგან ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეტი ბენეფიტი მიიღოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსგავს ფორმატებში შეხვედრები ალბათ მომავალშიც იქნება. საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები“, - განაცხადა თბილისის მერმა.