"ბათუმს მართავს ივანიშვილის "ოცნებაზე", კორუფციასა და უკანონობაზე ორიენტირებული მერი" - ენმ პროკურატურას მიმართავს

31.10.23 13:07
"ბათუმს მართავს ივანიშვილის "ოცნებაზე", კორუფციასა და უკანონობაზე ორიენტირებული მერი" - ენმ პროკურატურას მიმართავს

„ბათუმს მართავს არა ბათუმელებზე, არამედ ივანიშვილის ოცნებაზე, კორუფციასა და უკანონობაზე ორიენტირებული მერი“ -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა.

აჭარის პროკურატურაში (იუსტიციის სახლი) საკრებულოს დეპუტატებმა ირაკლი ძიძიგურმა და რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ პროკურატურას მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალაქის და თანაქალაქელების ინტერესებს აზიანებს.

40 000 სოციალური შემწეობის მომლოდინე ბათუმელი, მოშლილი ინფრასტრუქტურა და დაკანონებული უკანონობა - ეს არის დღეს ბათუმის რეალობა. ნამდვილი ტრაგედიაა, რომ დღეს ბათუმს მართავს არა ბათუმელებზე, არამედ ივანიშვილის ოცნებაზე, კორუფციასა და უკანონობაზე ორიენტირებული მერი!


ქალაქ ბათუმის მერი შეგნებულად, პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით, ბოროტად იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რითაც მის მიზანმიმართულ ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.


„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გზას და ფორმას გამოიყენებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების თავგასულობის და უკანონო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. ჩვენ ამიტომ მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აზიანებს ჩვენი ქალაქის და თანაქალაქელების ინტერესებს". - განაცხადა რეზო ხარაზმა.