სერგო ჩიხლაძე: აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები პატრიოტი ხელისუფლების პირობებში რეალური იქნება

31.10.23 16:22
სერგო ჩიხლაძე: აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები პატრიოტი ხელისუფლების პირობებში რეალური იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ერთობლივმა დელეგაციამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.  

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრებს აფასებს და ამბობს, რომ აშშ ყოველთვის მზადაა, ქართველი ხალხის დასახმარებლად.

მისივე თქმით, სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ სხვა ინსტიტუტებში განხილულ მთავარ საკითხებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროინტეგრაციის პროცესი  და მომავალი, 2024 წლის არჩევნები წარმოადგენდა:

პარტნიორობის ხელშეკრულება და მასში ასახული პოლიტიკური გზავნილები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს პარტნიორებში.

რაც მთავარია, აშშ მზადაა, რომ საქართველოს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს და უფრო მეტიც, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოგვიწოდებენ, რის სურვილსაც არ ამჟღავნებს საქართველოს ხელისუფლება. დღეს რომ საქართველოს პატრიოტი და ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება ჰყავდეს, წარმოუდგენელი წინსვლა იქნებოდა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების გამარტივების, პირდაპირი ფრენების, სასწავლო და სხვა პროგრამების გაღრმავების მიმართულებებით, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიონობის კუთხით. 

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები სრულად რეალურია პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლების პირობებში“. - განაცხადა ჩიხლაძემ. 


ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი 23-28 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ.