ის, რაც ბერაიამ და ღუდუშაურმა იკადრეს, კატასტროფაა... ეს არის სექსიზმი, მიზოგენია - დეკანოიძე პაპუაშვილისგან რეაგირებას ითხოვს
ის, რაც ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა იკადრეს, კატასტროფაა - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები არიან, არსებობს ზღვარი, რომელიც არავინ უნდა გადაკვეთოს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმას, რაც დღეს ჩვენმა კაცმა დეპუტატებმა ქალი დეპუტატების - ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ იკადრეს. ეს იყვნენ ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური. მსგავსი სიტყვები, რაც ბერაიამ იკადრა, არ მომისმენია არსად. უმრავლესობიდან დეპუტატებს, განსაკუთრებით ქალებს, მინდა მივმართო - რაც პარლამენტში მოხდა, ამით საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის ახალგაზრდა ქალებს ვეუბნებით, რომ თურმე ასე შეიძლება გავილანძღოთ და ჩვენზე იძალადონ ვერბალურად პარლამენტში, ეს არის კატასტროფა. ველი თქვენგან გამოხმაურებასაც, ბატონო შალვა. ის სიტყვები, რაც მოვისმინეთ, ვფიქრობ, არა მხოლოდ პარლამენტის დარბაზში, არამედ ზოგადადაც, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. ოპონენტები ვართ, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს არა მხოლოდ კაცმა, არავინ. ეს არის სექსიზმი, მიზოგენია და ველი თქვენს გამოხმაურებას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.