ბოდიში მოვისმინე, რომელიც არაფერში წერია, თანამდებობა უნდა დატოვოს - აქუბარდია
"მე ის ბოდიშიც მოვისმინე, რომელიც არაფერში არ წერია, რას ნიშნავს ის წითელი ხაზები და უსუსური მცდელობა, რომლითაც მაინც ამართლებს თავის საქციელს", - ასე აფასებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მოხდილ ბოდიშს დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომელსაც ბერაიამ შეურაცხყოფა მიაყენა.
აქუბარდია ამბობს, რომ ბოდიში საკმარისი არ არის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
აქუბარდია თვლის, რომ სახელისუფლებო გუნდი სუს-ის მეთოდებით ებრძვის ოპოზიციონერ დეპუტატებს და დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი პროცესები პარლამენტში მის დაშინებას ემსახურებოდა.
მე ის ბოდიშიც მოვისმინე, რომელიც არაფერში არ წერია, რას ნიშნავს ის წითელი ხაზები და უსუსური მცდელობა, რომლითაც მაინც ამართლებს თავის საქციელს. მე ვარ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მოადგილე და მე არ ვაპირებ ამ კომიტეტის დატოვებას იმიტომ, რომ ირაკლი ბერაიას არ მოსწონს ჩემი იქ2 ყოფნა, თუ უნდათ გამაგდონ. პატარა კაცმა რომელმაც ეს იკადრა, იმიტომ, რომ არგუმენტი არ აქვს, მე ვფიქრობ, რომ ემოციებს ვერ აკონტროლებს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მან უნდა დატოვოს თანამდებობა, იმიტომ, რომ შეუძლებელია, მთელი ის თავდაცვის და უსაფრთხოების უწყებები, რომლის ზედამხედველობაც მას აბარია, ასეთ გაუწონასწორებელმა კაცმა გააკეთოს ეს ყველაფერი.
მისი განცხადება, რომ ჩემი ადგილი კომიტეტში არ არის, მე პირიქით, შემოვატრიალებდი და ვიტყოდი, რომ მისი ადგილი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის, ნამდვილად არ არის და თუ ის შეინარჩუნებს ამ პოზიციას, ოცნების დისკრედიტაცია იქნება და ვფიქრობ, ოცნება უნდა ურჩევდეს მას, რომ დატოვოს თანამდებობა და გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს იმ უმსგავსობაზე და პატარა კაცობაზე, რაც მან ჩაიდინა.არიან "ოცნებაში" დეპუტატები, რომლებიც არ იწონებენ ამ ყველაფერს. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მინიმუმ გაზიარება არ აქვს იმ ფორმებს, რა ფორმებიც ჰქონდა ირაკლი ბერაიას ჩემ კრიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოცემულობაში ერთია, ადამიანური საუბრები, მეორე პოლიტიკა და მე არ ვაპირებ გაჩუმებას და გაჩერებას და პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ბოდიშით უნდა იყოს გამოხატული, არამედ თანამდებობა უნდა დატოვოს,“ - ამბობს აქუბარდია.