ქუთაისის მერიამ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს

31.10.23 22:54
ქუთაისის მერიამ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს

ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს. სანაყინე „სავანეს“ მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სუსი მოქმედებს.

როგორც ტურაბელიძე ამბობს, მერია კაფესა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს.


ქუთაისელებს გვართმევენ ჩვენს ისტორიას. ამ სანაყინის ისტორია სამოც წელზე მეტია გრძელდება. არ არსებობს ქუთაისელი, რომლის ბავშვობაც ამ ადგილს არ უკავშირდებოდეს და ქუთაისის მერია გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, 2012 წელს გამქრალი შენობის საფუძველზე, რეესტრში ისე გაატარეს მთლიანი ბაღის შენობა, თითქოს არ არსებობს, გააქრეს საკადასტრო რუკიდან და ასე ცდილობს დაგვინგრიოს ჩვენი საკუთრება, რომელიც ჩვენ შევიძინეთ და ვუვლიდით. მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ, მეხუთე წელია ჩვენ ვერ ვფუნქციონირებთ და ქალაქში ეს მნიშვნელოვანი ობიექტი გაჩერებულია. დღეს იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ისტორიულ ნაწილს ქუთაისისას ანგრევენ, თვითონ უწოდებენ ამას ისტორიულ კაფეს და ანგრევენ. ვფიქრობთ, რომ ამაში ჩართულია სუს-ის და მოკალათებული, არის ინტერესები აქ მერიის სხვანაირად ეს არ ხდება,“ - ამბობს გიორგი ტურაბელიძე.

ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.

ენმ-ის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, თემურ ციმციშვილი დარწმუნებულია, რომ სუს-ის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ მიიღებდა. 

ის ყბადაღებული თემა, რომ ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს, მერწმუნეთ „ოცნებას“, სადაც დასჭირდება მშვენივრად ახერხებს ბიზნესზე ზეწოლას და დახურვასაც და ობიექტების დანგრევასაც კი კადრულობენ. რასაც ვხედავთ ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობა და სუსი ჩართულია,“ - ამბობს თემურ ციმციშვილი.