როგორ დაიგეგმა ფრენების აღდგენა რუსეთთან - აბაშიძე ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს
როგორ დაიგეგმა ფრენების აღდგენა რუსეთთან - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს.
"აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია - კარასინმა აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო" - უთხრა ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს".
"გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი, კერძოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. წელიწადი და 8 თვეა რაც მასთან ამ და სხვა თემებზე არ გვისაუბრია. სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა გასული წლის მარტში.
მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით.
ამ საუბრის შემდეგ გრიგორი კარასინთან ეს თემა აღარ განხილულა",- აღნიშნა აბაშიძემ.
თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კარასინი-აბაშიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. სატელეფონო ჩანაწერი სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტით თარიღდება.
აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში განიხილებოდა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქცირებული და ბლოკადაში მოქცეული რუსეთის ინტერესში შედიოდა.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს.