„ძარცვავს ქვეყანას რუსული მეთოდით“ - ოპოზიცია რომეო მიქაუტაძეს უჩივის

01.11.23 11:53
„ძარცვავს ქვეყანას რუსული მეთოდით“ - ოპოზიცია რომეო მიქაუტაძეს უჩივის

სარჩელი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობრის და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის წინააღმდეგ - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოპოზიცია რომეო მიქაუტაძეს უჩივის.

“რომეო მიქაუტაძე, პრემიერი ღარიბაშვილის და მერი კალაძის დახმარებით, რუსული მეთოდით ძარცვავს სახელმწიფოსა და ხალხს”- საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და პარტიის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არსებულ ელიტური კორუფციის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

,,რუსული პარტიის ქართული ოცნების მმართველობის მთავარი ნიშანი სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისება, ხალხის ძარცვა და ელიტური კორუფციაა, რომლის ცნობილი და თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე. 

თუმცა ამ შემთხვევაში მატერიალური მტკიცებულებებით აღჭურვილი გესაუბრებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, კორუმპირებულ რომეო მიქაუტაძეზე, ირაკლი ღარიბაშვილის ძმაკაცზე, კახი კალაძის ყოფილ ხელქვეითზე, რომელმაც 2022 წლის 20 ივნისს პრემიერ მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით ისარგებლა და მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით პირდაპირი შესყიდვის წესით მიიღო, ზუგდიდში, სოფელ ჩხორიაში, 25 წლიანი იჯარით, 133 ათას კვადრატულზე მეტი ტერიტორია, მოცვის ბაღების მოსაწყობად. საუბარია შპს ,,ბლუბერ ლაბ’’-ზე. რომელმა კომპანიამაც თავდაპირველად მიიღო სახელმწიფო დახმარება 91 000 ლარის ოდენობით. შემდეგ, 2021 წლის 1 ოქტომბერს, შპს-ს მფლობელმა ნინო ქარდავამ აღნიშნულ კომპანიაში ჩუქების წესით  33 % წილი გადასცა რომეო მიქაუტაძეს. 
რომეო მიქაუტაძე წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსად,  რომელ საბიუჯეტო დაწესებულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტს აქვს მძიმე შეფასებითი ანგარიშები მომზადებული, საწვავის და სხვადასხვა სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. 
რომეო მიქაუტაძე არის ირაკლი ღარიბაშვილის ელიტური კორუფციის ახალი სახე, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში მოსვლისას არაფერი გააჩნდა, ახლა სახელმწიფოსა ძარცვის და ხალხის გაყვლეფის ხარჯზე მდიდრდება და არის  მილიონერი. ჩვენ აღნიშნულ კორუფციულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს დავუტოვებთ პროკურატურას დასაარქივებლად, ვინაიდან ესენი არ გამოიძიებენ არაფერს, მაგრამ მალე ხალხი გაასამართლებს ყველა დამნაშავეს, მათ შორის ელიტური კორუფციის მფარველებს პროკურატურაში ’’ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ლაშა ტყეშელიაძის თქმით, შოთაძის უწყებას, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მაშინვე უნდა დაეწყო გამოძიება: 

„ჩვენ პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ შოთაძის უწყებას, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მაშინვე უნდა დაეწყო გამოძიება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფარცხალაძის პროკურატურა არ გამოიძიებს ელიტურ კორუფციას, მაგრამ როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს გამარჯვებას, მაშინ ყველა ელიტურ კორუფციაში გახვეულ ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ იმ თანხების დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მათ მოიპარეს და მე ყველას ვეტყვი, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად მიაკითხავთ მათ, რადგან მათ დანაშაულს არც ერთი წელი აქვს ხანდაზმულობა, არც ორი წელი და არც სამი წელი, აუცილებლად მათი მოპარული თანხები დაბრუნდება ქართველი ხალხის ბიუჯეტში.“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

როგორ მდიდრდება ღარიბაშვილის გარემოცვა - შაბათის ეთერმა მოიპოვა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი დამალული ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ მთავრობის მეთაურმა მეგობრის კომპანიას ორი მიწა ჩალის ფასად გადასცა. ღარიბაშვილის ხელმოწერილი ბრძანებით ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს სახელმწიფოს ქონება აუქციონის გარეშე პირდაპირი წესით მიhყიდეს. ერთ შემთხვევაში, კვადრატული მხოლოდ 88 თეთრად, მეორე ნაკვეთი კი ლარად და 12 თეთრად.