მოდი, დავაფასოთ ბერაიას ბოდიში, ის არ გადადგება - შალვა პაპუაშვილი

01.11.23 12:39
მოდი, დავაფასოთ ბერაიას ბოდიში, ის არ გადადგება - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ირაკლი ბერაიას ბოდიში უნდა დააფასოს. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, ბოდიშის მოხდა მათაც ისწავლონ. 

მისი თქმით, სკანდალში გახვეული ბერაია არ გადადგება: 

"ბატონო იაგო, თქვენს გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს, მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე", - ამ სიტყვებით მიმართა შალვა პაპუაშვილმა გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიას. 

რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ბატონმა ირაკლიმ, მე მგონი, ძალიან ცხადად განაცხადა ამასთან დაკავშირებით, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, შინაარსობრივი ნაწილი, რაც შეეხებოდა კრიტიკას, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი მან თქვა, რომ რა თქმა უნდა, იმის ფონზე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი შეიძლება იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. 

მე არ მახსენდება არცერთი, ოპოზიციიდან ვინმე, ერთი ადამიანი, ქალი ან კაცი, ვინმეს ბოდიში მოეხადა საერთოდ, რაც აქ, მაგალითად, ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა, რაც სხვა დროს ყოფილა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ერთი რამე თუ გამოიტანთ დასკვნას გუშინდელი დღიდან არის ერთი რამე, რომ შეიძლება ყველას მოუვიდეს რაღაც ასეთი გადაცდომა, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, სადაც მან თქვა კიდევაც, რომ გადაამეტა ამ მხრივ, მან მოიხადა ბოდიში. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და როგორმე ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე", - თქვა პაპუაშვილმა. 

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.