"ოცნებასთან" შეთანხმებული ფრენები - პრემიერი კითხვებს გაექცა
პრემიერი გაიქცა - რატომ ატყუებდა ხალხს რუსეთთან ფრენების აღდგენის რეალურ მიზეზს - ირაკლი ღარიბაშვილმა სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ კითხვებს ვერ უპასუხა და სამთავრობო ღონისძიება სათადარიგო კარიდან დატოვა. საუბრის ავთენტურობას კი მისი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, თუმცა ღარიბაშვილის მთავრობა დღეს მაინც ამტკიცებდა, რომ ფრენები ოკუპანტმა საკუთარი ინიციატივით აღადგინა, მოლაპარაკებები არ ყოფილა, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი კი არაავთენტურია.
თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კარასინი-აბაშიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. სატელეფონო ჩანაწერი სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტით თარიღდება.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს.
აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში განიხილებოდა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქცირებული და ბლოკადაში მოქცეული რუსეთის ინტერესში შედიოდა.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს.