"ოცნებასთან" შეთანხმებული ფრენები - რატი ბრეგაძე ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს

01.11.23 13:22
"ოცნებასთან" შეთანხმებული ფრენები  - რატი ბრეგაძე ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს

სკანდალური აუდიო ჩანაწერი - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მისი ავთენტურობა უნდა დადასტურდეს.

მინისტრის თქმით, მას ზურაბ აბაშიძის მიერ ჩანაწერის ნამდვილობის დადასტურების შესახებ არაფერი გაუგია.

ბრეგაძე ამბობს, რომ ფრენები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ აღდგა.

ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, არსებობს ასეთი საკომუნიკაციო არხი, მე მგონი არაფერი არ არის განსაკუთრებული. თუ კი რაიმე სახის ჩანაწერი გავრცელდა. რომელიც, დიდი ალბათობით, უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ ამის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. მე არ მომისმენია და გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. არც ბატონი ზურაბის მიერ ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება მომისმენია.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ გადაადგილება, ამის გამო ვინმეს დაეკისროს საქართველოში პასუხისმგებლობა. 

მე არ ვიცი რუსეთის ფედერაციას რა ინტერესი ჰქონდა, მე ვიცი საქართველოს გადმოსახედიდან, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდებათ გადაადგილება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან მარტივად შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას". - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კარასინი-აბაშიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი  გუშინ გავრცელდა. სატელეფონო ჩანაწერი სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტით თარიღდება. 

 რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. 

აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში განიხილებოდა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქცირებული და ბლოკადაში მოქცეული რუსეთის ინტერესში შედიოდა.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს.