ერთადერთი ადეკვატური რეაგირება ბერაიასთვის უფლებამოსილების შეჩერება იქნება - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი ბერაიას გუშინდელი ქმედება კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. ოპოზიციის წევრის თქმით, ერთადერთი ადეკვატური რეაგირება თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება იქნება.
გუშინ აქ მოვიდა ორი დეპუტატი და წინასწარ დაწერილი ტექსტით მოახდინა არა მხოლოდ შეურაცხყოფა, არა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ ცდილობ, რომ ადამიანის ღირსება გაანადგურო მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით და ეს გააკეთა ბერაიამ გუშინ, საზოგადოებას პირდაპირ უნდა ვუთხრათ. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება არის ის, რომ მისი საქმე გადაეცეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.
დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.