ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ, უარესს მიიღებენ! - წითლიძე "ოცნების" დეპუტატებზე

01.11.23 13:31
ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ, უარესს მიიღებენ! - წითლიძე "ოცნების" დეპუტატებზე

ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, - ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას გუშინდელ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.  ოპოზიციის წევრის თქმით, მათ არა მარტო თანამდებობები, არამედ მანდატებიც უნდა დატოვონ. 

რა გამოხატვის ფორმებს მიწუნებთ, როდესაც ზუსტად ერთი დღეა მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო და რასაც იმსახურებენ, ზუსტად იმ ენით არ ვუპასუხო. ალუდა ღუდუშაურზე არაფერს ვიტყვი, არარაობაა. ირაკლი ბერაიამ იკადრა ის, რაც იკადრა. ერთი დღეა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ველოდები იმას, რომ თქვენ, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამაზე ადეკვატური რეაგირება გექნებათ. ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური იცით რას იმსახურებენ? იმსახურებენ, რომ მანდ არ ისხდნენ არც ერთი და არც მეორე! თუ თქვენ არ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ, გადააყენოთ და ნორმალურ ქვეყანაში, საერთოდ მანდატს დაატოვებინებდნენ ერთსაც და მეორესაც, მაშინ, ჩვენ, ცხადია მოგვიწევს თავი დავიცვათ და ვუპასუხოთ მათ ზუსტად, ისე როგორც ისინი იქცევიან. ვერ მეტყვით ვერცერთ კაც ოპოზიციონერს, რომელსაც მსგავსი უკადრია. ეს მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან. ასე მშვიდად ამ დარბაზში ვერ დასხდებიან“,- განაცხადა წითლიძემ.

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.

დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.