სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს
ხვალ ჩანიშნულ სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს - ინფორმაცია "პირველებს" ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაუდასტურა.
გავლენიანი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ბრალდებული სასულიერო პირის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარ მიმართავენ.
ჩვენ თუ გახსოვთ განცხადება გავაკეთეთ სინოდმა და მივიღეთ გადაწყვეტილება და არ შეგვიცლია. ქრისტიანები ვართ და ვინც არ უნდა იყოს, ქრისტე იყო მიმტევებელი და ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, ჩვენც მიმტევებელი უნდა ვიყოთ, მაგრამ ის საქმე არ უნდა შევიყვაროთ", - ამბობს მეუფე იაკობი.
2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე გაიმართება.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 სექტემბერს მიუსაჯეს.
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მამალაძემ მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დაკავებისას პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებდა.