ღუდუშაურს და ბერაიას ვიცნობ, ღირსეული ადამიანები არიან - ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გუშინ, პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება და მომხდარს სამწუხაროს უწოდებს.
ბრეგაძე ამბობს, რომ ალუდა ღუდუშაურს და ირაკლი ბერაიას იცნობს და მათ ღირსებაზეც საუბრობს.
მისი თქმით, შესაძლებელია, დეპუტატებში ემოციებმა იმძლავრა და სწორედ ამიტომ თქვეს ქალების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები.
„სამწუხაროდ, ხშირია ქართულ პოლიტიკაში შემთხვევები, როდესაც საქმიანი ურთიერთობა შეიძლება გადავიდეს უფრო სხვა ტიპის ურთიერთობაში. მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქალების მისამართით, არამედ ქალების მხრიდან საპირისპირო სქესის მისამართითაც გაგვიგია. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას მე არ ვემხრობი და ვთვლი, რომ შესაძლებელია პოლიტიკა წარიმართოს ბევრად უფრო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ რეჟიმში.
ზოგჯერ შეიძლება ემოციურმა მომენტებმა იმძლავროს, თუმცა იმ დეპუტატებს, ვისზეც საუბრობთ, ვიცნობ და საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან.
არ ვამართლებ არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას, თუმცა მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს და ესენი საკმაოდ კარგი და ღირსეული ადამიანები არიან. შესაძლებელია იმძლავრა ემოციებმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ მე არ ვემხრობი არასდროს არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას. რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა.
რაც შეეხება რეაგირებას - პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის მოქმედებს რეგლამენტის ზედმიწევნით დაცვით და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებდა იმას, რაც იყო საჭირო და არ დაარღვევდა რეგლამენტს. საკმაოდ კარგად და ოსტატურად მართავს ბატონი პაპუაშვილი პარლამენტის სხდომას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.
დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.