"ოცნება" რიგითი ბერაიას გადასარჩენად - საბჭოთა მეთოდებით ბრძოლა პარლამენტში
საბჭოთა მეთოდებით ბრძოლამ პარლამენტში სტარტი აიღო. "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად ყველაფერზე მიდის. მთელი მმართველი გუნდი დღეს ამორალური განცხადებების ავტორ ბერაიას გადაეფარა და ქალი დეპუტატების ლანძღვის გრძელ რიგში ჩამოდგა. თუ გუშინ ფორმალურად, მაგრამ მაინც დაგმეს ბერაიას წინასწარ დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვები, დღეს უკვე რიტორიკა შეცვალეს და იერიშზე გადავიდნენ. ოპოზიციას გაუხსენეს ძველი განცხადებები და ამით სცადეს გუშინდელი ლანძღვის კორიანტელის გადაფარვა.
ირაკლი ბერაია არ გადადგება, შეირგეთ გუშინდელი ბოდიში - ამბობდნენ "ოცნების" ლიდერები. ოპოზიციას პრაქტიკულად უთხრეს, რომ რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს. ამ განცხადებების გამო პარლამენტის სხდომა დღეს ჩაშლის ზღვარზე მივიდა. ოპონენტები ბერაიას გადადგომას ითხოვდნენ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი მათ რეპლიკებს მდუმარედ, ღიმილით ხვდებოდა. არაფერს იმჩნევდა ალუდა ღუდუშაური, რომელიც გუშინდელი დღის კიდევ ერთი ანტიგმირია. თუმცა ოცნების დეპუტატებს კოლეგების ღირსების შელახვისთვის მძიმე ფასის გადახდა მაინც მოუწევთ. თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.