გახდა თუ არა ტატუაშვილი "ოცნების" ზონდერების სამიზნე - დმანისის ექს მერზე თავდამსხმელებს ამ დრომდე ვერ პოულობენ
დმანისის ექს მერზე თავდამსხმელებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. შეიარაღებული ანგარიშსწორებიდან სამ საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არცერთი სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. ახლა მთავარი კითხვაა, გახდა თუ არა გიორგი ტატუაშვილი ოცნების ზონდერების სამიზნე. თავად ამტკიცებს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, რომელიც ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმა.
ყოფილ მერს ჩასაფრება იმ დროს მოუწყვეს, როდესაც თბილისიდან დმანისში ბრუნდებოდა. თავდამსხმელებმა ტატუაშვილს ჯერ მანქანით გზა ჩაუხერგეს, შემდეგ კი მისი ავტომობილის მიმართულებით მინიმუმ ხუთჯერ გაისროლეს. დმანისის ყოფილი მაღალჩინოსანი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. შეიარაღებული პირების ავტომობილს პოლიცია აედევნა, თუმცა დამნაშავეებმა მიმალვა მაინც შეძლეს.
დმანისის პოლიციაში უკვე რამდენიმე საათია დაზარალებული ექს მაღალჩინოსნის გამოკითხვა მიმდინარეობს.