პრემიერის დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის, სად განთავსდა მშობლების ნაჩუქარი თანხა - დონაძე

02.11.23 11:33
პრემიერის დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის, სად განთავსდა მშობლების ნაჩუქარი თანხა - დონაძე

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე პენსიონერი მშობლების მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაფინანსების გაზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ გამოქვეყნებული დეკლარაციით თანხის წარმომავლობა არ დასტურდება, რაც საზოგადოებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ევროპული საქართველოს" წევრი "პირველებთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ასევე დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის გადაცემის შემდეგ, ანუ როდესაც ირაკლის ეს თანხა გადასცეს, ეს თანხა სად განთავსდა.

30 ათასი ლარით გაიზარდა მშობლების საჩუქარი და დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ თანხა მშობლებმა აჩუქეს. ვერც ამ დეკლარაციით ვერ დასტურდება აღნიშნული თანხის წარმომავლობა, უბრალოდ გავიგეთ ის, რომ მშობლებმა ამ შემთხვევაში რახან დაკონკრეტებული არ არის, იგულისხმება დედაც და მამაც, ორივემ ერთად შეაგროვეს 180 ათასი და გადასცეს მის შვილს. ასევე დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის გადაცემის შემდეგ, ანუ როდესაც ირაკლის ეს თანხა გადასცეს, ეს თანხა სად განთავსდა, ანგარიშიდან დაიწყო ამ თანხის ხარჯვა, თუ ეს თანხა შეინახა ღარიბაშვილმა ქეშად.

ხარჯი აჭარბებს მის შემოსავალს და ერთადერთი შემთხვევა, რომ მისი ხარჯი დაფარულიყო, ეს არის მშობლების მიერ ნაჩუქარი თანხა. ასე ვთქვათ, ბალანსი დასვა ციფრობრივად და მას 85 ათასი ლარი დარჩა 2022 წელს თავისუფალი ფული, ანუ 85 ათასი ლარი დახარჯა ღარიბაშვილმა მთელი წლის განმავლობაში საკუთარი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ღარიბაშვილმა თუ არ ჩაწერა, რომ 180 ათასი ლარი აჩუქა მისმა მშობლებმა, დედამ და მამამ, მაშინ იგი თავს ვერ შეინახავდა, დედა დედაა, მამა მამაა - აღნიშნა დონაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს "ქართუ ბანკში" 96 ათასი ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი აქვს.

30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.