საიდან აქვს ღარიბაშვილის მამას ამდენი თანხა, ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება - ბუაძე პრემიერის დეკლარაციაზე
"ეს არის ღარიბაშვილის კორუფციის გაპრავების ძალიან უსუსური და სამარცხვინო მცდელობა" - ასე აფასებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე პრემიერ ღარიბაშვილის ახალ დეკლარაციას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, საიდან აქვს ღარიბაშვილის მამას ამდენი თანხა.
ეს არის ღარიბაშვილის კორუფციის გაპრავების ძალიან უსუსური და სამარცხვინო მცდელობა. მთავარი კითხვა მდგომარეობას იმაში, თუ საიდან აქვს ღარიბაშვილის მამა ამდენი თანხა, რომ მის შვილს ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი ლარი აჩუქოს. მათ შორის, საკითხავია ისიც, ერთს ან მეორეს გადახდილი აქვს თუ არა გადასახადები. ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება და პირველ რიგში, დაადგინოს რამდენად ლეგალური და დასაბუთებული არის ის ქონება, რაც ღარიბაშვილის მამამ ამ წლების განმავლობაში დააგროვა - აღნიშნა ბუაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს "ქართუ ბანკში" 96 ათასი ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი აქვს.
30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.