პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეზე განაჩენი გამოტანილია - მელია, კუპრავა და დოლიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

02.11.23 11:11
პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეზე განაჩენი გამოტანილია - მელია, კუპრავა და დოლიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეზე პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია - თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2 000 - 2 000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ნათია ბუსკივაძემ სამივე მათგანი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ცნო დამნაშავედ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავენ. 

როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ ცალსახად გაიზიარა პოლიციის არგუმენტაცია და სამივე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, როგორც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და ასევე წვრილმან ხულიგნობაში, თითოეულ მათგანს განესაზღვრა ჯარიმის სახით 2000 ლარი. ჩვენ დაველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა ჩაბარდეს მხარეებს და ამის შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში შევეცდებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ რაიმე სახის ცვლილება იქნება გადაწყვეტილებაში, არ გვაქვს - აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გლდანში 22 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული რამდენიმე ათეული პირი ფიზიკურად გაუსწორდა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარსპაშვილსა და დავით დანელიას.

თავდასხმის შემდეგ ადგილზე ენმ-ის ლიდერებიც მივიდნენ, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან.  პოლიციელებმა ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.