პრემიერი მესიჯებში აირია - გიგაური ღარიბაშვილის სკანდალურ დეკლარაციაზე

02.11.23 13:43
პრემიერი მესიჯებში აირია - გიგაური ღარიბაშვილის სკანდალურ დეკლარაციაზე

"პრემიერ-მინისტრი ძალიან აირია იმ მესიჯებში, რომ გაამართლოს ან საფუძვლები ნახოს იმ შემოსავლების, რომლებიც გააჩნია" - ასე აფასებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი პენსიონერი მშობლების მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაფინანსების გაზრდას.

ეკა გიგაურის თქმით, საქართველოში მაღალჩინოსნები საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე ცდილობენ გამდიდრებას.

ჩვენს ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია, ეს არის ფაქტი. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ძალიან აირია იმ მესიჯებში, რომ გაამართლოს ან საფუძვლები ნახოს იმ შემოსავლების, რომლებიც გააჩნია. სინამდვილეში კი ძალიან აშკარაა, რომ მისი შემოსავლები არ შეესაბამება მის ხარჯვას და იგი ცილობს, რომ რაღაცნაირად ბალანსი დასვას თავის ქონებრივ დეკლარაციაში. მაღალჩინოსნებს აქვთ მიღებული მწვანე შუქი იმაზე, რომ ხალხის ფულით გამდიდრდნენ და ხალხს ფული მოპარონ, ამისთვის მათ პასუხი არ მოეთხოვებათ, ეს არის ძალიან სამწუხარო - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

"სამართლიანი საქართველოსა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ პრემიერ ღარიბაშვილი ვალდებულია, საჯარო განცხადება გააკეთოს და კითხვის ნიშნებს პასუხი გასცეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი არის პრემიერ-მინისტრი, მის შემოსავლებთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალე იყოს. ამიტომ ავსებს ის დეკლარაციას და თუ კი არსებობს რაიმე კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ამას გაეცეს პასუხი, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად პრემიერისგან მოვისმინოთ პასუხები - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს "ქართუ ბანკში" 96 ათასი ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი აქვს.

30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.