"კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს, კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა"- კობახიძე

02.11.23 13:37
"კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს, კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა"- კობახიძე

"კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მაშინ განაცხადა, როცა ის უმრავლესობის აგრესიული წევრის, დაჩი ბერაიას დაცვას ცდილობდა.

"კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ქალიან-კაციანად უზრდელობენ და არც ბოდიშს იხდიან" - ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. 

 უბრალოდ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული აკეთებდნენ. ღირსება არ აქვთ და ამ განცხადებებისთვის ვერ მოიხდიან ბოდიშს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს?! პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ"- ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს ამ ქვეყანაში აგრესიის, პოლარიზაციის გაღვივება, ესაა ოპოზიცია.

„განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას „ბოდიშს“ როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.