ეს ღარიბაშვილის მიერ კორუფციული სქემებით მოპოვებული ფულია - დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მილიონები კორუფციული სქემების შედეგად აქვს მოპოვებული.
მისი თქმით, პენსიონერი მამის მიერ ნაჩუქარი 180 ათასი ლარი სწორედ ქართველი ხალხის გაღატაკების შედეგად არის მიღებული.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს მოსახლეობისთვის.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აბრალებს და ითხოვს საკუთარი პენსიონერი მამისგან, ეს რა თქმა უნდა, ირონიით, თანხებს. სინამდვილეში ეს არის ის თანხები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ნათესავების, ოჯახის წევრების და საკუთარი კორუფციული სქემების შედეგად აქვს მოპოვებული - აღნიშნა დეკანოიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს "ქართუ ბანკში" 96 ათასი ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი აქვს.
30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.