ბუღალტერიაში დაკარგული პრემიერი - რა (არ)წერია დეკლარაციაში

02.11.23 20:16
ბუღალტერიაში დაკარგული პრემიერი - რა (არ)წერია დეკლარაციაში

 

ბუღალტერიაში დაკარგული პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილის მაშველი რგოლი ისევ პენსიონერი მშობლები არიან. 2022 წელს დახარჯული დიდი ფულის "გაპრავებას" პრემიერი კვლავ მამის საჩუქრებით ცდილობს. დეკლარაციის მიხედვით, ამჯერად ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. საიდან აქვს ამდენი ფული პრემიერის მამას, რომ ყოველწლიურად შვილს ათეულობით ათასს ჩუქნის - ეს დეკლარაციაში არ წერია. ფაქტია, რომ თუ ამ დოკუმენტს დავუჯერებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახი დღემდე მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს. 

დეკლარაციის მიხედვით, ყველაფერს ღარიბაშვილის ოჯახში მისი უმუშევარი მეუღლე იხდის. ბავშვების სწავლის საფასურით დაწყებული და სამშენებლო მასალების შესყიდვით  და სესხების გასტუმრებით დასრულებული. თუმცა რა ფულს ხარჯავს ნუნუ თამაზაშვილი ეს  მითითებული არ არის. წესით, ამ დოკუმენტში არსებული ქაოსით შესაბამისი უწყებები უკვე დაინტერესებული უნდა იყვნენ. კორუფციის მკვლევარებისთვის კი პრემიერის დეკლარაცია ელიტური კორუფციის ნათელი მაგალითია.