ბერბოკი საქართველოში ყოფნის დროს დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - აქუბარდია
თეონა აქუბარდიას განცხადებით, ანალენა ბერბოკი საქართველოში ყოფნის დროს დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
აქუბარდია ამბობს, რომ გერმანიის პოზიცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ყოფნის დროს დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მან პირადი შეხვედრების დრო მიიღო ანალოგიური გზავნილი, შესაბამისად გერმანიის პოზიცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ხალხისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისე როგორც ეს ბოსნიას შემთხვევაში მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდაც იქნება მიღებული და ხალხი და საქართველო მიიღებს ამ სტატუსს", - ამბობს თეონა აქუბარდია.
ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო. ეს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებია. ანალენა ბერბოკმა საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ისევ გამყოფი ხაზი გაავლო. ბერლინში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილი გააჟღერა, და ფაქტობრივად თქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ექნება. მოლაპარაკების ეტაპზე გადავლენ მოლდოვა და უკრაინა, თუმცა ამ ორი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებასთან ევროპელ ლიდერებს კითხვები აქვთ.