სუსის დადგმულ სპექტაკლში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს - შოთა თუთბერიძე
სუსის დადგმულ სპექტაკლში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე საუბრობს. საქმე ეხება სუსის მიერ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.
სააკაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სუსმა საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფების არსებობის შესახებ ისედაც იცის, თუმცა არ ამჟღავნებს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს ჩვენებას მიცემა სურს, თუმცა თანამშრომლობის რაიმე შესაძლებლობას ვერ ხედავს.
რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს, თუმცა, ბუნებრივია, საუბრის დროს ისინი არ ასახელებენ საფუძველს, იმას, თუ რა სურთ კონკრეტულად. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ცალსახად ჩანს მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. რუსული საოკუპაციო ძალები ლომისის წმინდა გიორგი ტაძარში და მლეთაში, იქ, სადაც ყოველ ზაფხულს, მათ შორის, ჩვენი დღევანდელი მმართველი პარტიის სპიკერები პოზირებენ ხოლმე და ფოტოებს იღებენ, იმ ეკლესიაში დადიან და სათვალთვალო უპილოტო აპარატებს უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს გაკვირვებული პოზა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაიმე არ იცოდნენ და ახლა გაიგეს, რომ გარკვეული ჯგუფები შემოდიან საქართველოში, ბუნებრივია, არის მსახიობობა, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. გამოძიების დაწყების შემთხვევაში თეორიული შანსი იმის, რომ მესამე პრეზიდენტს ჩვენების მიცემა მოსამართლის წინაშე სურდეს, ბუნებრივია, არსებობს, თუმცა თანამშრომლობის რაიმე ტიპის შესაძლებლობას ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
სუსი მიხეილ სააკაშვილისგან ჩვენების მიცემას ითხოვს. ლილუაშვილის უწყება მესამე პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა. საკუთარ სასამართლო პროცესზე საკნად ქცეული პალატიდან სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში რუსული დივერსიული ჯგუფები ფეხის მოკიდებას და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ირკვევა, რომ ამ განცხადების შემდეგ სააკაშვილის გამოკითხვა სუსმა მოინდომა, თუმცა მესამე პრეზიდენტი ლილუაშვილს უნდობლობას უცხადებს.