სუსს იმიტომ ჰქვია სუსი, რომ ქვეყანაში შესაძლო დივერსიული ჯგუფის არსებობას სააკაშვილისგან არ უნდა იგებდეს - წითლიძე
ენმ-ს წევრი ანი წითლიძე დარწმუნებულია, რომ სუსის სურვილი, გამოჰკითხოს მიხეილ სააკაშვილი, მხოლოდ ფორმალობაა. ოპოზიციის წევრის თქმით, სუსი რუსული სისტემის ნაწილია და რეალურად, არაფრის გამომძიებელი არ არის.
სუსს იმიტომ ჰქვია სუსი და იმიტომ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ მიხეილ სააკაშვილისგან არ უნდა იგებდეს ან საქართველოს სხვა ნებისმიერი მოქალაქისგან იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება რაღაც დივერსიული ჯგუფი იყოს. თუმცა, ჩვენ, რეალურად, ვნახულობთ იმას, რომ არაფრის გამომძიებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის. ნებისმიერი ასეთი დაკითხვა იქნება მხოლოდ ფორმალობა, იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის რუსული სისტემის ნაწილი, შესაბამისად, არაფრის გამომძიებელი ისინი, ცხადია, არ არიან, - ამბობს წითლიძე.
სუსი მიხეილ სააკაშვილისგან ჩვენების მიცემას ითხოვს. ლილუაშვილის უწყება მესამე პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა. საკუთარ სასამართლო პროცესზე საკნად ქცეული პალატიდან სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში რუსული დივერსიული ჯგუფები ფეხის მოკიდებას და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ირკვევა, რომ ამ განცხადების შემდეგ სააკაშვილის გამოკითხვა სუსმა მოინდომა, თუმცა მესამე პრეზიდენტი ლილუაშვილს უნდობლობას უცხადებს.