მოსამართლეები, პარლამენტის წევრები და თავად პრემიერი - TI მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სიას აქვეყნებს

03.11.23 11:54
მოსამართლეები, პარლამენტის წევრები და თავად პრემიერი - TI მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სიას აქვეყნებს

მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, მთავრობის მაღალჩინოსნები და თავად პრემიერი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველო" მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სიას აახლებს. ხმაურიან სიაში მოხვდა "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ შეგროვებული ფაქტებიც. ერთ-ერთი ბოლო საქმე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონებაა. განახლებულ სიაშია ანზორ ჩუბინიძის შვილის სახელზე გაფორმებული ბიზნესი და ქონებაც.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაახლა მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სია. დაემატა 7 ახალი შემთხვევა. მათ შორის მოხვდნენ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სავარაუდო კორუფციული დარღვევა. ასევე მოხდა ანზორ ჩუბინიძის შვილთან დაკავშირებული შემთხვევა, ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძის სამ მილიონიანი ტენდერები. ასევე ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული 28 მლნ-იანი შესყიდვები. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი  დაინტერესდა აბასთუმნის ტერიტორიით, სახელმწიფომ 250 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო ამ ტერიტორიაში და ეს არის საეჭვო, იმიტომ, რომ თუ შევადარებთ 2012-18 წლებს, 14-ჯერ მეტი თანხა დაიხარჯა. 
საქართველოში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით.  დღესდღეობით სიაში შესულია 151 შემთხვევა, იდენტიფიცირებულია 162 თანამდებობის პირი და მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევა, რომ არიან მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მოქმედი მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, ასევე მოქმედი გენერალური პროკურორი. ახლად შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეიძინოს გამოძიების კომპონენტი და ჰქონდეს მას კორუფციული შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილება, თუმცა ამასთან, აუცილებელია ეს უფლებამოსილება ფარავდეს მაღალი რანგის თანამდებობის პირებს და სწორედ ეს შემთხვევები დამოუკიდებელმა ორგანომ გამოიძიოს, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ  ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია, რადგან სწორედ ამაზეა აგებული მართვის სისტემა და კორუფციაში ყველა რანგის თანამდებობის პირია ჩაფლული. 

ბიძინა ივანიშვილმა შექმნა რუსული ოლიგარქიული სისტემა ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მართვისა, არის კორუფცია. მას ყველა სისტემა, ყველა შტო გასვრილი ჰყავს კორუფციაში, აქვს მათზე კომპრომატები დეა მარტივად მართავს და აკეთებინებს ყველაფერს მისი ნება-სურვილის შესაბამისად. ამ ყველაფერს არავინ გამოიძიებს. ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებიც ინიშნებიან პრემიერ-მინისტრის მიერ, პარლამენტის მიერ, რომლებიც თავად არიან ჩართულები ამ კორუფციაში, რა თქმა უნდა, გამოძიებული ვერ იქნება. ამიტომ, გამოსავალი არის ერთადერთი: რაც შეიძლება სწრაფად გავისტუმროთ კორუმპირებული მთავრობა და პარლამენტი ხელისუფლებიდან, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.