„ლელოში“ ვთვლით, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ხელს უწყობს მიგრაციული ბალანსის შეცვლას და ქართველების რუსებით ჩანაცვლებას - დათუნაშვილი
„ლელოში“ ვთვლით, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ხელს უწყობს საქართველოს მიგრაციული ბალანსის შეცვლას და ქართველების რუსებით ჩანაცვლებას,“ - ეს განცხადება „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.
დათუნაშვილმა სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების გამო, რადგან „ლელოში“ დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნება“ ამ ცვლილებებს რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების სასარგებლოდ იღებს.
როგორც „ლელოს“ წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი გუნდი შეიმუშავებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის გაცემის უფლება გამკაცრდება.
„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საქართველოში რუსების შემოსევის ფაქტობრივი ლეგალიზაცია. კერძოდ, 1 ნოემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მარტივდება საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი - კერძოდ, 10 წლიანი ცხოვრების ვადა მცირდება 5 წლამდე, 1 წელი პასუხის დასაბრუნებლად შემცირდა 6 თვემდე და უფრო მარტივად ზოგადად, გახდა შესაძლებელი მოქალაქეობის მიღება. გამოცდები რჩება ადგილზე, მაგრამ გამოცდების ჩაბარების რაოდენობა გახდა ულიმიტო, ეს ნიშნავს, რომ იმ ათობით ათას რუსეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში დასახლდა და აპირებს, რომ გახდეს ამ ქვეყნის მოქალაქე, მიეცემა ბევრად უფრო მარტივად უფლება, რომ გახდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები.
ხაზგასმით და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამ კანონის ცვლილებები არ ეხება არცერთ ქართველ ემიგრანტს, რომელიც უცხოეთშია წასული და უკან დაბრუნება უნდა - სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და თავისი სამშობლოს მოქალაქეობის დაბრუნება უნდა. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, ასეთმა ადამიანმა 5 წელი უნდა იცხოვროს - კარგად გვესმის, რომ ემიგრანტები 5 წლით საცხოვრებლად ამ ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან.
ეს პირდაპირ მიუთითებს ერთ რამეზე, რომ საქართველოში გამაგრებული რუსები, რომლებიც სხვადასხვა მონაცემით 100-დან 150 ათასამდე არიან და დარეგისტრირებული აქვთ 22 ათასამდე კომპანია, ეს ადამიანები დარჩებიან ამ ქვეყანაში და გახდებიან ნაწილი ჩვენი სახელმწიფოში - ეს არის "ოცნების" გეგმა.
„ლელოში“ მთელი ძალით ვეწინააღმდეგებით საქართველოში დემოგრაფიული ჩანაცვლების გამიზნულ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს და რომელიც ნიშნავს ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რუსებით ჩანაცვლებას,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
თაზო დათუნაშვილი იმ ცვლილებებზე საუბრობს, რასაც მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლის.
ლელოში პირდაპირ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან - პირველი, დავაბრუნებთ 10-წლიან ვადას იმისთვის, რომ საქართველოში იცხოვროს ადამიანმა მოქალაქეობის მიღების წინაპირობად. სავიზო რეჟიმს ერთწლიანიდან დავიყვანთ 90 დღემდე, როგორც ეს არის ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, 90 დღე ერთი კალენდარული წლის მანძილზე და არა 90 დღე გასვლით და გამოსვლით.
აგრეთვე ჩვენ მივიღებთ შეზღუდვას რუსულნომრიანი მანქანებისთვის, მათი აღრიცხვის სისტემას დავაყენებთ და ის მანქანებიც იმავენაირად უნდა დაჯარიმდნენ, როგორც ჯარიმდებიან ქართული ავტომობილები.
სანქცირებულ რუსულ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ შესყიდვებში მონაწილეობა,“ - ამბობს დათუნაშვილი.