მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი - საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა ევროკომისიის პრეზიდენტს
ოპოზიცია ევროკომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის - ქართველი პოლიტიკოსები ურსულა ფონ დერ ლაიენს თხოვნით მიმართავენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
მესამე სექტორის შემდეგ, პოლიტიკური პარტიებიც ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან. ხელისუფლების დუმილის გამო, ისტორიულ გადაწყვეტილება ხუთი დღით ადრე, დოკუმენტს ხელი სრულიად პროდასავლურმა ოპოზიციამ მოაწერა.
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები, როგორც პოლიტიკურ ჯგუფებში შემავალი, ასევე დამოუკიდებელი წევრები ერთობლივ მიმართვას ვუგზავნით ევროკომისიის პრეზიდენტს იმისთვის, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს. მოცემულ ვითარებაში, როცა ქართველი ხალხის 90 პროცენტი მხარს ჭერს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია ევროპა, მიგვაჩნია, ამ ერთობლივი მიმართვით გავაძლიეროთ საქართველოს პოზიცია და ჩვენი მოსახლეობის, რათა ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ჭრილში მიიღოს კანდიდატის სტატუსი," - ამბობს აქუბარდია.
როგორც "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, ოპოზიციონერების ერთობლივ მიმართვას პოირადად გადასცემს ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლობას და ევროკავშირის ინსტიტუციების სხვა წარმომადგენლებს.
ჩვენი გზავნილი მარტივია, საქართველოს ჰყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე, მაგრამ ყველა ხელისუფლება, მათ შორის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც მართავს დღეს საქართველოს არის დროებითი, მუდმივია მხოლოდ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.
ამ წერილის გარდა, ბრიუსელში მივდივარ ორი მთავარი გზავნილით "ლელოსგან" - ერთი ეს არის, რომ არ შესრულდეს რუსეთის დავალება და რუსეთის მოთხოვნის შესრულების მიუხედავად მიეცეს შანსი ქართველ ხალხს, გააგრძელოს ევროპისკენ მოძრაობა და დაპირება მიიღოს კანდიდატის სტატუსის სახით და იმ ქვეყნის მოქალაქე იქნება, რომელსაც აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ამასთან ერთად, დღეს რაც გვჭირდება ეს არის დახმარება ევროპელი მეგობრებისგან, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებით შევცვალოთ რუსული რეჟიმი და ამით დაპირება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვაქციოთ რეალურ შანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის," - ამბობს სამადაშვილი.
როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება სტატუსის მინიჭებას საბოტაჟირებას ახლაც უწევს, ის მიმართავს ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ ქვეყანას სტატუსის მიღების შესაძლებლობა არ წაართვას.
ევროკომისია მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათ შორის, რას გადაწყვეტს შემდეგ მინისტრთა კომიტეტი, რომელიც იქნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ. წინა ჯერზე საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად საბოტაჟირება მოახდინა კანდიდატის სტატუსის, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ტრიოში მყოფი სხვა ქვეყნების აპლიკაცია იყო წარმატებული, საქართველომ წარმატება ვერ მოიპოვა. ამ ჯერზე ჩვენ ვდებთ მაქსიმალურ ძალისხმევას იმაში, რომ საქართველომ მოიპოვოს წარმატება, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რომ ქართველი ხალხის ხმა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე არის რუსული რეჟიმის მავნებლობა, რომელიც ღიად ცდილობს ახლაც გადაწყვეტილების საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ერთობლივი წერილით ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მივმართეთ ევროკომისიის პრეზიდენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში საქართველო მიიღებს დიდ წარმატებას," - ამბობს თინა ბოკუჩავა.