პატიმრების გაქცევის საქმე - დაკავებული ბადრაგი ბრალს აღიარებს

03.11.23 13:27
პატიმრების გაქცევის საქმე - დაკავებული ბადრაგი ბრალს აღიარებს

პატიმრების გაქცევა კლინიკიდან - საქმეზე დაკავებული ბადრაგი ბრალს აღიარებს. როგორც მისი ინტერესების დამცველი "პირველებთან" ამბობს, დაკავებული ბადრაგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ბრალს აღიარებს.

რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, როგორ შეძლეს პატიმრებმა გაქცევა და დარჩა თუ არა ბადრაგს მანქანის კარი ღია, ამ კითხვებს ადვოკატი ამ ეტაპზე არ პასუხობს.    

აღიარებს, ინანიებს. დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმას პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს დაუდევრობას. დღეს შევხვდები ბრალდებულს და ამის შემდეგ შემიძლია ვრცლად გიპასუხოთ, თანამშრომლობს, აღიარებს," - ამბობს ადვოკატი.

საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულების თანამშრომელმა მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. 

 „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.