მიხეილ სააკაშვილი საინტერესო არ არის - კახა კალაძე

03.11.23 13:28
მიხეილ სააკაშვილი საინტერესო არ არის - კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი საინტერესო არ არის, - ასე ეხმიანება კახა კალაძე მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული. "ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, სუსმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გაავრცელა, თუმცა არავის არაფერი გამოუვა. 

მიხეილ სააკაშვილი საინტერესო ნამდვილად არ არის. ეს ადამიანი იხდის სასჯელს, არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. რაც შეეხება ზოგადად დესტაბილიზაციას, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით სუსმა გააკეთა განმარტებები, განცხადებები, რომ არის როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ადამიანთა ჯგუფები, ვისაც აქვს სურვილი და მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი გამოუვა, - ამბობს კალაძე.

სუსი მიხეილ სააკაშვილისგან ჩვენების მიცემას ითხოვს. ლილუაშვილის უწყება მესამე პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა.  საკუთარ სასამართლო პროცესზე საკნად ქცეული პალატიდან სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში რუსული დივერსიული ჯგუფები ფეხის მოკიდებას და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ირკვევა, რომ ამ განცხადების შემდეგ სააკაშვილის გამოკითხვა სუსმა მოინდომა, თუმცა მესამე  პრეზიდენტი  ლილუაშვილს უნდობლობას უცხადებს.