"სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობა" - SJC მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ არდანიშვნაზე

03.11.23 14:01
"სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობა" - SJC მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ არდანიშვნაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლე ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ გაამწესეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება.

SJC-ის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით საბჭომ გადაუხვია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის არსებული პრაქტიკიდან. სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ნინო გიორგაძის მიერ პრობლემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ გაჟღერებული კრიტიკა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მის უვადოდ დანიშვნაზე უარი მიზნად ისახავს სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას.

ამგვარი საყურადღებო პრეცედენტი დამატებით საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, მათი გამოხატვის თავისუფლებას და შეუქცევად ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებულ ისედაც მწირ საზოგადოებრივ ნდობას. მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭოს მოსამართლე და პარლამენტის მიერ ახლად არჩეული არამოსამართლე წევრების „ერთსულოვანი თანხმობა“ კი მკაფიოდ მიუთითებს საბჭოში კრიტიკული აზრის ნაკლებობაზეც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

SJC-ის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა არაფორმალური გავლენები, ჩაკეტილობა, განსხვავებული და კრიტიკული აზრის დევნა, საფუძვლიან კითხვებს აჩენს ნინო გიორგაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასა და ობიექტურობაზე.

იგივე შედეგი დგება, თუკი  კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. თუკი მოსამართლე ამ აქტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრებს და საჩივარი არ დაკმაყოფილდება, საბჭოს ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. დამატებით პრობლემურია ისიც, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს საბჭოს მიერ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის მიერ წარდგენილი ამ საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭოს იმ წევრთა მონაწილეობას, რომლებიც თავად იყვნენ შემფასებლები (საბჭოს 3 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრი) და რომელთა მხრიდან კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზეც საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იმსჯელოს“. – ნათქვამია განცხადებაში.

SJC-ის შეფასებით, მოსამართლე ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით 2023 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ მიუთითებს შემდეგზე:

  • საქართველოს პარლამენტმა და განსაკუთრებით მმართველმა გუნდმა ვერ უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრინციპული, კვალიფიციური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კადრებით შევსება, რაც მალევე აისახა ამ ინსტიტუტის საქმიანობაზე;
  • სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრი არათუ წახალისებული და მხარდაჭერილია, არამედ ის ნებისმიერი ფორმალური თუ ინსტიტუციური მექანიზმით დევნის საგანია. განსხვავებული მოსაზრებების მქონე მოსამართლეები კი სულ უფრო მეტად ხდებიან სისტემიდან განდევნის სუბიექტები