სათამაშო ბიზნესს გადასახადი მომდევნო წლიდან გაეზრდებათ
სათამაშო ბიზნესს გადასახადი მომდევნო წლიდან გაეზრდებათ. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა.
პრემიერმა ბიზნესისთვის გადასახადის გაზრდა ახსნა იმით, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე კვლავ ჩართულია სათამაშო ბიზნესში.
გარდა სათამაშო ბიზნესისა, საბანკო-საფინანსო სექტორიდან მოხდება დამატებითი ფინანსების მობილიზება. ჯამში კი, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონი ლარით და მთლიანი ბიუჯეტი 2024 წლისთვის შეადგენს 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს.
დამატებით რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი - გავაანალიზეთ საბანკო სექტორში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა, რომ 2024 წელს შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან, ვითვალისწინებთ რა მათ მოგებას, ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ კიდევ, დამატებით რა რესურსი შეიძლება გამოინახოს.
სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ და დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით დღეს მოქმედი 2 პროცენტის გარდა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილებიდან - ჯამში, 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს.
აქვე მინდა გაკვირვება გამოვხატო და მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, არ მიხარია, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში. 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.
იცით, რომ ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე შევუზღუდეთ მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები სათამაშო ბიზნესს,“ - ამბობს პრემიერი.