ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი პარტიაში ყოფნაა პრობლემა, მგონია, რომ სხვების ყოფნაა უფრო დიდი პრობლემა - დოლიძის პასუხი სააკაშვილს

03.11.23 16:03
ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი პარტიაში ყოფნაა პრობლემა, მგონია, რომ სხვების ყოფნაა უფრო დიდი პრობლემა - დოლიძის პასუხი სააკაშვილს

"ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი პარტიაში ყოფნაა პრობლემა, მე მგონია, რომ სხვების ყოფნაა უფრო დიდი პრობლემა პარტიაში," - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნიკა მელიას გუნდის წევრი ბაჩო დოლიძე.

მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა და ნაწილს პარტიის დატოვებისკენ მოუწოდა. 

ბაჩო დოლიძე არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის იმ შეფასებასაც, როდესაც მესამე პრეზიდენტი ენმ-ის წევრების ნაწილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ პარტიას შიგნიდან ასუსტებენ და ლანძღავენ.

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რა ნაბიჯებიც არის პრინციპში გაჟღერებული, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, რომელსაც ვატარებთ - კვირას გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა თანამოაზრეებთან და არ მგონია, საბოლოო ჯამში, ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი პარტიაში ყოფნაა პრობლემა, მე მგონია, რომ სხვების ყოფნაა უფრო დიდი პრობლემა პარტიაში, სადაც სამწუხაროდ ხდება ის, რომ დღეს რომ გადავხედოთ თუნდაც პარლამენტში არსებულ მდგომარეობას, გვყავს დეპუტატები, რომლებიც არათუ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, არამედ სამწუხაროდ, იმასაც ვერ ახერხებენ, რომ შემოტევებისგან დაიცვან თანამოაზრეები, ეს უფრო დიდი პრობლემაა და ეს უფრო აზიანებს, ვიდრე ჩემი და ჩემი მეგობრების პარტიაში ყოფნა.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პარტიას ვინმე ლანძღავს, ჩვენ ვსაუბრობთ ღიად საჯაროდ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებს ახალი მენეჯმენტი, პარტიის ნაწილი ვართ ჩვენც და ის უამრავი ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს გვერდით მოიაზრება," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობას მიმართავს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია. როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სჯობია, წავიდნენ პარტიის ასეთი წევრები, ვიდრე ენმ შიგნიდან დაასუსტონ