საარჩევნო სია იქნება დედაქალაქის სია - კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი ჩაიწერება - დუმბაძე

03.11.23 19:42
საარჩევნო სია იქნება დედაქალაქის სია - კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი ჩაიწერება - დუმბაძე

პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი მურმან დუმბაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსული რეჟიმის დასრულების ერთადერთი საშუალება გაერთიანებაა და სადაც მესამე პრეზიდენტი ენმ-ში დაპირისპირებულ გუნდებს გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.

მურმან დუმბაძე თვლის, რომ ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან. დუმბაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა წარსული უნდა დაივიწყონ და ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაერთიანდნენ.

ყველაზე მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", ეს ხალხი გასაშვებია ხელისუფლებიდან. ამაზე უნდა ვიფიქროთ და ამის ყველაზე კარგი საშუალება კინკლაობა კი არა, ხელის ჩამორთმევაა. დავივიწყოთ წარსული, გუშინდელი და მომავალზე ვიფიქროთ. მე მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ხელი უნდა ჩამოართვას ხაბეიშვილის, ლევანმა ხელი უნდა ჩამოართვას ნიკას, მე ეს უფრო გამიხარდება. თუ თავს ზემოთ ძალა არ არის და ადამიანები პარტიას შექმნიან და ცალკე წავლენ, შედეგი რა დადგება, თორემ წასულები ბევრი მინახავს. ამ გადმოსახედიდან ვხედავ, რომ წასვლით შედეგი არ დგება. მე მიმაჩნია, რომ თუ ნიკა არ წავა, უკეთესი იქნება," - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ საარჩევნო სიებში დეპუტატები აღარ მოხვდნენ. როგორც დუმბაძე ამბობს, სიების შედგენა მნიშვნელოვანია, რადგან ვარაუდობს, რომ საარჩევნო სიაში რეგიონის წარმომადგენლები სათანადოდ არ იქნებიან ჩაწერილები.

მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. სიები როცა დაიწერება, თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები - კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში, ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან და სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში, არავინ. 
პროპორციული არჩევნები ჩავატაროთ მაჟორიტარების გარეშე, მაგრამ ჩავატაროთ რეგიონულ პროპორციული არჩევნები, რომელსაც რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა. ისე, რომ რეგიონებიც იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ნუ მივიღებთ მარტო დედაქალაქის სიებს," - განაცხადა მურმან დუმბაძემ.