პრეზიდენტი გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, მაგრამ ხელი მოაწერა იმ კანონს, რომელიც მედიას მოახრჩობს - დოლიძე
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე "ტვ პირველის" ეთერში პრეზიდენტ ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მიუხედავად მისი მოწოდებებისა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მედიას "მოახრჩობს".
რაც შეეხება "ქართული ოცნების" საგარეო კურსს, დოლიძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომ ქართველმა ხალხმა საკუთარი კეთილდღეობისთვის თავად უნდა იზრუნოს.
ერთი ეროვნული მკითხაობა მიმდინარეობს მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს. მე მერჩივნა, რომ დავლოდებოდით და შემდეგ გვესაუბრა, რას ნიშნავს ეს პროცესი ქართველი ხალხისთვის. კანდიდატის სტატუსი, რომელიც თუ გვექნება, გვექნება იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა სულ ძალით შევატანინეთ ირაკლი ღარიბაშვილს, მას სახე ჩამოსტიროდა. მე ერ ვხედავ პოტენციალს, რომ "ქართული ოცნება" რამეს გააკეთებს. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ხელი მოაწერა იმ კანონს, რომელიც თქვენ (მედიას) მოგახრჩობთ - აღნიშნა დოლიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონს ხელი მოაწერა.
საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და 19 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.