მამუკა ხაზარაძის ვიზიტი აშშ-ში - "ლელოს" ლიდერი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

04.11.23 12:44
მამუკა ხაზარაძის ვიზიტი აშშ-ში - "ლელოს" ლიდერი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მამუკა ხაზარაძის ვიზიტი გრძელდება - პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე შტატებში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

ხაზარაძე ახალგაზრდებს სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებისა და დასავლეთში მიღებული განათლების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ესაუბრა.

ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია ახალი თაობისთვის განათლების მიღებაში უნდა ჩაიდოს, რადგან ახალგაზრდებს გარდამტეხი როლის შესრულება შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაში.

"ჰარვარდში ქართველ სტუდენტებს შევხვდი, საინტერესო საუბარი შედგა, ახალ იდეებზე ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ასეთი ახალგაზრდები უნდა ქმნიდნენ ქვეყნის მომავალს, წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი თითოეულს შეხვედრისთვის" - აღნიშნა ხაზარაძემ.

სტუდენტების თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება ახალგაზრდების გეგმების კოორდინაციით არის შესაძლებელი.

ალბათ, ჩვენი ქვეყნის განვითარების რთული გზა უნდა დაიწყოს იქიდან, რომ ახალგაზრდა თაობა, რომელიც ქვეყნიდან წამოვიდა, ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ და საკუთარი გეგმები შეუკავშიროს, რადგან ქვეყნის განვითარება არ მგონია სხვანაირად მოხდეს, თუ ჩვენი უნარების კოორდინაციას არ მოვახდენთ - განაცხადა სტუდენტმა.