ვაშაძის გუნდის წევრები პარლამენტიდან გაათავისუფლეს - ოპოზიციონერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს
გიორგი ვაშაძის გუნდის წევრები პარლამენტიდან გაათავისუფლეს - პარტიის აპარატის ორ თანამშრომელს შალვა პაპუაშვილი მანდატურის სამსახურისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.
საქმე ეხება ფარცხალაძის საკითხის განხილვის დროს საპარლამენტო დარბაზში მომხდარ ჩხუბს დეპუტატებს შორის.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, მმართველი პარტია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებს, თუმცა 2024 წლის არჩევნების შემდეგ საზოგადოება მათ რუსულ მმართველობას ისტორიას ჩააბარებს.
პოლიტიკური ანგარიშსწორებები საქართველოში გრძელდება. მარცხისთვის განწირული "ქართული ოცნება" მართლაც იმდენად სუსტია, რომ ჰგონია, ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რაიმეს მიაღწევს. გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი ლაშა დიაროვი პარლამენტიდან გაათავისუფლეს და ასევე, ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურძანია გაათავისუფლეს პარლამენტიდან.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა. ამის პრეცედენტი მსოფლიოში არ არის და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. გიორგი ხაბურძანიამ ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო, მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია სასამართლომ დაადგინა. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ახლა ედავებიან საგარეჯოში, რომ 70 წლებში აშენებული ღობე უკანონოდ აშენებული ყოფილა. ამ დონეზე დაეცა "ქართული ოცნება" და ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება.
მე მინდა საზოგადოებას ერთი რამ ვუთხრა, ერთ წელიწადში საქართველოში რუსული რეჟიმი შეიცვლება და ჩვენ ისტორიას და წარსულს ჩავაბარებთ პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას" და მათ ლიდერებს, თქვენ ბრძოლას ვერ გააჩერებთ, ისეთ პატრიოტ ადამიანებს, როგორიც არიან, ლაშა დიაროვი, გიორგი ხაბურძანია და ბევრი ჩვენი თანაგუნდელი, თქვენი იაფფასიანი ანგარიშსწორება ვერაფერს ვერ უზამს - აღნიშნა ვაშაძემ.