პრემიერის დღემდე უცნობი ბიძა, შიდა ქართლის არაფორმალური მმართველი?! - ჟურნალისტური გამოძიება

04.11.23 21:13
პრემიერის დღემდე უცნობი ბიძა, შიდა ქართლის არაფორმალური მმართველი?! - ჟურნალისტური გამოძიება

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - გაიცანით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღემდე უცნობი ბიძა, რომელსაც შიდა ქართლის არაფორმალურ მმართველს უწოდებენ და სატენდერო მაქინაციებში ამხელენ. 

რამაზ ყორანაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დედის, მარინე ყორანაშვილის ძმაა, შილდაში ადგილობრივები ამბობენ, რომ პრემიერის ბიძის არაფორმალური გავლენები ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე აისახება. წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილის ბიძის ბოლო მონაგარი, პარლამენტში გორისა და კასპის დეპუტატად, მისი თანასოფლელის, გიორგი სოსიაშვილის წარდგენა და არჩევაა. გაირკვა, რომ კაცი, რომელმაც საზოგადოებას თავი პრეზიდენტის ლანძღვით დაამახსოვრა, საპარლამენტო სიაში პრემიერის დედულეთიდან მოხვდა.

"შაბათის ეთერთან" პრემიერის ბიძას ვერ უარყოფს, რომ პარლამენტის წევრად განწესებული "ქართული ოცნების" ახალ დეპუტატთან ირაკლი ღარიბაშვილს წლები აკავშირებს.

ვინ არის გიორგი სოსიაშვილი? - ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი წინა ხელისუფლების დროს "ნაციონალურ მოძრობასთან" მჭიდრო კავშირში იყო და ამ ნიშნით მაღალ თანამდებობებსაც იღებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კი პრემიერის ბიძა გორის უნივერსიტეტში დაასაქმა, სადაც მოქმედი დეპუტატი რექტორის პოსტს იკავებდა. 

პრემიერის ბიძის არაფორმალური გავლენები, მხოლოდ ერთი დეპუტატის პარლამენტში გაყვანით არ შემოიფარგლება.  რამაზ ყორანაშვილს ადგილობრივი ბიზნესმენი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიზნესის ლობირებაშიც  ამხელენ. შიდა ქართლში მაკრახიძის კომპანია აგებს გზებს და ჯამში ბიუჯეტიდან ასობთ მილიონი ლარი აქვს მიღებული. ბიუჯეტიდან ფული მისცეს მაკრახიძის ოჯახის წევრებზე გაფორმებულ კომპანიებსაც. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - პრემიერის ბიძის ოჯახი შვიდი კომპანიის მფლობელია. ყველა ეს ბიზნესი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაა დაფუძნებული ან საჩუქრად მიღებული. მთელი ეს ქონება ირაკლი ღარიბაშვილის ბიძაშვილის, ალეკო ყორანაშვილის სახელზეა გაფორმებული. 

ირკვევა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ბიძაშვილს, პატია "ერთიანი რუსეთის" პიარტექნოლოგმა, რუსეთის მოქალაქე გიორგი ღამბაშიძემ ორი კომპანია აჩუქა. 2016 წლის 13 ივლისს ალეკო ყორანაშვილის სახელზე "სმარტ ექსპრეს კავკასია" და "კერა მედია ჯგუფი" გადაფორმდა. მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ კრემლის კარზე დაახლოებული ღამბაშიძე საჯარო რეესტრში პირადად მივიდა და პრემიერ ღარიბაშვილის დედის ძმის შვილს საკუთარი კომპანია 1 ლარად მისცა.  ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის შვილის, ალეკო ყორანაშვილის სახელზე 8 კომპანიაა რეგისტრირებული.

ეს ყველაფერი არ არის, პრემიერის  ნათესავები სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობებს დღემდე იკავებენ: 

ირაკლი ღარიბაშვილის და, თეა ღარიბაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდშია დასაქმებული, დის ქმარი ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. ცოლის და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცოლის ბიძა დედოფლის წყაროს საკრებულოში, ცოლის მამიდა დედოფლის წყაროს მერიაში. ნათესავების დასაქმება და მათ მაღალი თანამდებობებით დაჯილდოება პრემიერის ხელწერად იქცა.

ღარიბაშვილის მეგობრები პარლამენტში - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი