ვის დარჩება პარტია? - დიდი ჯახი "ნაციონალურ მოძრაობაში"
პოლიტიკური გაყრა "ნაციონალურ მოძრაობაში" - მთავარ პოლიტიკური თემა მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებაა.
"თუ პარტიის შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობია, გახვიდე, ვიდრე დაასუსტო შიგნიდან პარტია" - თქვა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სადაც პატიმარი პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო.
ენმ-ს ახალი მენეჯმენტის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წასვლა ნიკა მელიას ურჩია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება სრული მოულოდნელობა იყო ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარისთვის. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმოწერის დონეზე არსებობდა მოლაპარაკებები მელია "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბორდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი უნდა გამხდარიყო.
კითხვაზე, როდის ან მიდის თუ არა საერთოდ პარტიიდან? - ნიკა მელია კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. ამბობს, რომ ყველაფერს ამომრჩეველთან. პარტიის აქტივთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.
"შაბათის ეთერისთვის" მიცემული ინტერვიუ კი ტოვებს განცდას, რომ ენმ-ს მელიასთან ერთად ბევრი ადამიანი დატოვებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მელია თანაგუნდელებს ეუბნება, რომ "დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს".
მიიღებს თუ არა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიას და მისი მოაზრეების გარიცხვის გადაწყვეტილებას? - ლევან ხაბეიშვილი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ მელიას დროს აძლევს და ყოფილი თავმჯდომარის გარიცხვა არ სურს.
ხაბეიშვილი "შაბათის ეთერთან" ხაზგასმით, რამდენჯერმე იმეორებს, რომ თუ მელიას თავმოყვარეობა აქვს, უნდა ადგეს და წავიდეს.
ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე აცხადებს, რომ "მელია უნდა გამოსწორდეს".
პირველი ექსკლუზიური ინტერვიუები მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებთან - გაიგეთ ყველა დეტალი ნატა ქაჯაიას ჩართვიდან.