ოპოზიციამ ერთი წელი მოანდომა, რომ როგორმე ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ცაგარეიშვილი
"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან მისი მტკიცებით, "ოცნებამ" საამისოდ ყველაფერი გააკეთა.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი თავს ოპოზიციას ესხმის და ისევ ირწმუნება, რომ მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის შესაფერხებლად "უკადრებელიც კი იკადრეს".
მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელ გუნდს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი მოლოდინი სრულად დაკმაყოფილდება. რაც შეეხება იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებდით, შევფერხდებოდით ამ გზაზე - მათ დიდი იმედგაცრუება ელოდებათ.
ოპოზიციამ ერთი წელი მოანდომა იმას, რომ როგორმე ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შეეფერხებინათ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და ამისთვის აკეთეს ყველაფერი და უკადრებელიც იკადრეს. უზარმაზარი თანხები დახარჯეს ამ უგვანო ლობისტურ საქმიანობაში.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო სტრატეგიული მოკავშირის სახით. მე ვფიქრობ, საქართველო არის ის პატარა ფანჯარა, რომელიც ევროპას ახლა გაჭრილი აქვს და დიდი უგუნურება იქნება ამ ფანჯრის დახურვა, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.