რეგლამენტი იცვლება - "ოცნება" დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას ოპოზიციის გარეშე ვეღარ შეძლებს

14.06.21 11:43
რეგლამენტი იცვლება - "ოცნება" დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას ოპოზიციის გარეშე ვეღარ შეძლებს

„ქართული ოცნება“ ძალაუფლებას კარგავს.  პარლამენტში რეგლამენტი იცვლება. ახალი რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატის დასაკავებლად 90 ხმა იქნება საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ  მმართველ გუნდს მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავს, კონკრეტული დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას და  პასუხისგებაში მიცემას  „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ვეღარ შეძლებს. 

სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ იოლად არ შეეძლოს საპარლამენტო უმრავლესობას იმუნიტეტის მოხსნა ამა თუ იმ დეპუტატისთვის. არა უმრავლესობის, არამედ ოპოზიციონერი დეპუტატები სხვა და სხვა ქვეყანაში უფრო დაცულები ყოფილიყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან, პოლიტიკური   მართლმსაჯულებისგან, ამიტომ გაჩნდა საპარლამენტო იმუნიტეტის იდეა და ჩვენთან თუ აიწევს ეს თამასა და სამი მეოთხედი თუ იქნება საჭირო, ანუ ოპოზიციის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე რომ ვერ მოუხსნიან იმუნიტეტს ვერც ერთ დეპუტატს, ეს არის ძალიან სწორი. პოლიტიზირებულ საქმეებს ეს ვერ დააზღვევს, ამისთვის დამოუკიდებელი პროკურატურა და დამოუკიდებელი სასამართლო გვჭირდება, - ამბობს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ პარლამენტში რეგლამენტის ეს ცვლილება ნათელი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებს პირნათლად ასრულებს. დეპუტატი ოპოზიციას  პარლამენტის აქტიურ მუშაობაში ჩაერთვისკენ მოუწოდებს. 

კიდევ ერთხელ ვასრულებთ ჩვენ მიშელის შეთანხმებას და ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ მიშელის შეთანხმებას პირწმინდად შევასრულებთ. მე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ 90 დეპუტატის თანხმობა არის ძალიან რთულად მოსაპოვებელი. პრაქტიკულად ეს გამორიცხავს, რომ ერთი პარტიის მიერ, ერთი პოლიტიკური ძალის მიერ იქნეს 90 მანდატი შევსებული. ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ დაკავდეს პოპულიზმით, ურჩევნია, რომ შემოვიდეს აქტიურ სამუშაო რეჟიმში, ჩაერთოს აქტიურ განხილვებში და ქმედითად განვიხილოთ ისეთი  საკითხები, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.